წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ ე.ზ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიებად 10 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლაზე. დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბრალდების მხარე ე.ზ.-ს 10 დეკემბერს, წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობას ედავება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ღამით, წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ჭ.გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ე.ზ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე, დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დაპირისპირების დროს, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა სამ პირს. მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.