წყალტუბოში, გუმბრის ოლქში ხმის მიცემა ელექტრონულად ხორციელდება
წყალტუბოში, გუმბრის ოლქში ხმის მიცემა ელექტრონულად ხორციელდება

წყალტუბოში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, გუმბრის მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის 12 კანდიდატი იბრძვის.

საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა და პირველმა ამომრჩევლებმაც საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირეს.

წყალტუბოში ცესკო-ს საპილოტე პროექტის ფარგლებში ხმის მიცემა ელექტრონულად ხორციელდება. საარჩევნო ყუთზე სპეციალური აპარატია დამაგრებული. ამომრჩეველი ბიულეტენს ჩარჩო კონვერტში დებს და აპარატში ათავსებს, რომელიც შედეგებს კენჭისყრის დასრულებისთანავე ითვლის.

გუმბრის მაჟორიტარულ ოლქში შემავალ სამ სოფელში-ბანოჯაში, გუმბრასა და ხომულში ოთხი საარჩევნო უბანია გახსნილი. სულ რეგისტრირებულია 4215 ამომრჩეველი.

წყალტუბოსა და ტყიბულში რვა საარჩევნო უბანზე ხმების დათვლა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, აღნიშნულ რვა უბანზე ჯამში 7 762 ამომრჩეველია რეგისტრირებული.