წყალტუბოს სტადიონზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მთავრდება #1TVSPORT
წყალტუბოს სტადიონზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მთავრდება #1TVSPORT

წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. „სამგურალის“ პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად ინდივიდუალური სკამების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 26 მაისის სახელობის არენა 3000 მაყურებელს დაიტევს.

დასრულდება 26 მაისის სახელობის სტადიონის შემოღობვა და ტერიტორიის მოწესრიგება, ამით სტადიონის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დამთავრდება. შემდეგი ნაბიჯი მომდევნო წლიდან იგეგმება.

წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია 2018 წლის იანვარში დაიწყო. მოედნის დასაგებად თანხა ფეხბურთის ფედერაციამ გამოყო, ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკუთარ თავზე აიღო ტრიბუნების მოწყობა, სტადიონის შემოღობვა და სხვა ინფრასტრუქტურული ხარჯები.

სტადიონის რეაბილიტაციისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. სფფ-მ ახალი, მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი დააგო, სადაც ეროვნული ლიგის წყალტუბოს „სამგურალი“ საკუთარ სტადიონზე თამაშობს. გაკეთდა 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, პრეს და VIP ლოჟები, ოპერატორებისთვის განკუთვნილი ჯიხურები.

პროექტის დასრულების შემდეგ, აღდგება ცენტრალური შენობა, მოეწყობა პრეს და ვიპ-ლოჟები, ტრიბუნები 3000 ადამიანზე იქნება გათვლილი და განათება დამონტაჟდება. სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა ეტაპობრივად გაგრძელდება. წყალტუბოს სტადიონის პროექტის შედგენისას ითქვა, რომ 26 მაისის სახელობის არენა უეფა-ს მეორე კატეგორიის შესაბამისი იქნებოდა. რეაბილიტაციის შემდეგ, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი არენა იქნება, სადაც ასაკობრივი ნაკრებების და ევროთასების საწყისი ეტაპის მატჩების ჩატარება იქნება შესაძლებელი.