წყალტუბოს გენერალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
წყალტუბოს გენერალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წყალტუბოს  გენერალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

როგორც ცქიტიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ წყალტუბოს განვითარების პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, კონკურსში ჩართვის საშუალება ყველა იმ არქიტექტურულ კომპანიას ექნება, რომელსაც წყალტუბოს განვითარებაში სურს მონაწილეობის მიღება.

„ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს გავლილი. 2014 წელს ავსტრიული კომპანიის მიერ გაკეთებულია კურორტის განვითარების ხედვა, რაც იქნება საფუძველი ჩვენი გენგეგმისთვის. გენგეგმა უფრო დეტალებში დაამუშავებს ამა თუ იმ ზონის განვითარებას, საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროებას, იქნება ეს დამატებითი სარეკრეაციო სივრცეები, საზოგადოებრივი პარკინგები, თავშეყრის ადგილები, თუ სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, რომელიც გენგეგმის ნაწილია. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ კურორტის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ასეთი ტიპის ზონებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. გენგეგმაზე უახლეს მომავალში გამოვაცხადებთ კონკურსს, რომელშიც ყველა იმ არქიტექტურულ კომპანიას, ქართულს თუ უცხოურს, ექნება საშუალება, ჩაერთოს, რომელსაც აქვს სურვილი, წყალტუბოს განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. კანონის მიხედვით, გენგეგმის შექმნის პროცესი მოითხოვს საჯარო განხილვებს. კანონით გვაქვს დადგენილი ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, რამაც დღესაც გაიჟღერა შეხვედრაზე. იქნება ეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, კულტურული მემკვიდრეობის დამატებითი ძეგლების იდენტიფიცირება თუ ასე შემდეგ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.