წყალმომარაგების კრიზისის გამო, ბულგარეთის პარლამენტი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრის
ბულგარეთში წყალმომარაგების კრიზისის გამო, პარლამენტი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრის. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, შესაბამისი ინიციატივა პარლამენტში ოპოზიციურმა სოციალისტურმა პარტიამ დაარეგისტრირა.
ამასთან, როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, მუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის პარტია პარლამენტში უმრავლესობას არ ფლობს, ის უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩება მცირე პოპულისტური პარტიისა და დამოუკიდებელი კანონმდებლების დახმარებით.
მედიასაშუალების ცნობით, ამგვარად ბოიკო ბორისოვის მთავრობა 2017 წლიდან უნდობლობის გამოცხადებას ოთხჯერ გადაურჩა.
როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, ოპოზიცია ასევე უკმაყოფილოა, რომ მთავრობა ვერ გაუმკლავდა იმპორტირებული ნარჩენების გადამუშავებას.
სოფიას მახლობლად მდებარე ქალაქ პერნიკში წყალმომარაგების პრობლემების გამო, მიმდინარე თვის დასაწყისში ბულგარეთის გარემოს დაცვის მინისტრი ნენო დიმოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დააკავეს.
მას უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებაში ადანაშაულებენ. ასევე არსებობს ეჭვი, რომ მინისტრ პერნიკის ნებართვით, მოსახლოებას წყალმომარაგება სამეწარმეო გამოყენებისთვის შეუზღუდეს.
წყალმომარაგების კრიზისი ქალაქში ნოემბერში დაიწყო და შესაძლოა, აპრილამდე გაგრძელდეს.