წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, „რედკოს“ დასახლებაში წყალმომარაგების ქსელის დაზიანების აღმოფხვრა ინტენსიურად მიმდინარეობს
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, „რედკოს“ დასახლებაში წყალმომარაგების ქსელის დაზიანების აღმოფხვრა ინტენსიურად მიმდინარეობს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაურში „რედკოს“ დასახლებაში წყლის მიწოდების შეწყვეტა ქსელის დაზიანებამ გამოწვია. აღდგენის პროცესში კი, ჩართული არიან საავარიო ჯგუფები და სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

კომპანიის ექსპერტები წყალმომარაგების აღდგენას რამდენიმე საათში ვარაუდობენ. მობილიზებულია შესაბამისი საავარიო ჯგუფები და ტექნიკა ვითარების დროულად გამოსასწორებლად.

„გუდაურში, „რედკოს“ დასახლებაში ბოლო დღეებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფები და შესაბამისი სამსახურები სასმელი წყლის სისტემის დაზიანების აღმოსაფხვრელად მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ. სათავო ნაგებობის წყლის მარაგის შესავსებად დამატებითი მილის გაყვანის და წნევის რეგულირების სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოების განხორციელებას ართულებდა ღამის საათებში გაუარესებული კლიმატური პირობები. დღის განმავლობაში „რედკოს“ დასახლების ხუთი კორპუსის ავზების წყლით შევსება კომპანიის სპეციალური, დიდ ტონიანი წყალმზიდებითა და სახანძრო მანქანების საშუალებით ხდებოდა. დანარჩენი სამი კორპუსის მომარაგება წყლით ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან ეს კორპუსები არ არიან უზრუნველყოფილი წყლის ავზებით“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყლის მიწოდება გუდაურისთვის გუშინ საღამოს განახლდა. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველ არხს „რედკოს“ პროექტების მენეჯერმა, მალხაზ კუნელაურმა განუცხადა, დასახლებაში წყალმომარაგება ისევ შეწყდა.