წყალბურთი | თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს „პრო რეკოსთან“ მატჩით იწყებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
წყალბურთი | თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს „პრო რეკოსთან“ მატჩით იწყებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი დღეს, 26 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს იტალიურ „პრო რეკოსთან“ სტუმრად გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო“ B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები „პრო რეკო“ (იტალია), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) და „დუბროვნიკი“ (ხორვატია) იქნებიან.

ახალ სეზონში ტურნირი განახლებული სისტემით ჩატარდება. თამაშები 26 სექტემბერს დაიწყება. ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს (შეხვედრები შინ და სტუმრად ჩატარდება), ორ-ორი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავა, საიდანაც ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილეები გამოვლინდებიან.

ის გუნდები კი, რომლებიც ჯგუფში მესამე-მეოთხე პოზიციებს დაიკავებენ, ევროთასზე გადაინაცვლებენ და ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებენ.

დინამოს მატჩების კალენდარი:

26 სექტემბერი | „პრო რეკო“ – „დინამო“

6 ოქტომბერი | „დინამო“ – „ოლიმპიაკოსი“

17 ოქტომბერი | „დინამო“ – „დუბროვნიკი“

1 ნოემბერი | „დინამო“ – „პრო რეკო“

22 ნოემბერი | „ოლიმპიაკოსი“ – „დინამო“

6 დეკემბერი | „დუბროვნიკი“ – „დინამო“

„დინამოს“ განაცხადი ჩემპიონთა ლიგაზე:

გიორგი გვეტაძე, ირაკლი რაზმაძე, ბესარიონ ახვლედიანი, ტიმურ ბაჟინოვი, გიორგი ჩაგელიშვილი, ალექსანდრე ჩხეიძე, არტიომ დიხტიარენკა, რევაზ იმნაიშვილი, ხვიჩა ჯახაია, ბექა კაპანაძე, გიორგი კირიაკიდი, ნიკოლოზ ყურაშვილი, მერაბ მაჭავარიანი, გიორგი მაგრაქვლიძე, მაქსიმ მალიშაუ, ალექსანდრე მიქაუტაძე, ლუკა მჭედლიშვილი, საბა ობოლაძე, სტეფან პიეშივაცი, ველკო ტანკოსიჩი, საბა ტყეშელაშვილი, დემეტრე თოდუა, ბორის ვაპენსკი, გიორგი ვეშაგური, ანდრია ვლაჰოვიჩი.

მთავარი მწვრთნელი: დეიან სტანოიევიჩი.

მწვრთნელი: ზურაბ რურუა; მწვრთნელის ასისტენტი: ირაკლი გოგელია.

ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთის გუნდის მზადებაზე კომენტარი „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დეიან სტანოიევიჩმა და კაპიტანმა, რევაზ იმნაიშვილმა გააკეთეს:

დეიან სტანოიევიჩი: „დღეისათვის „პრო რეკო“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ვგულისხმობ არა მხოლოდ ბოლო წლების შედეგებს, არამედ მთლიანად ისტორიას. მათ ევროპაში ყევლაზე მეტი ტიტული აქვთ მოგებული. საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდის წინააღმდეგ იოლი თამაში არ გვექნება. დავინახავთ, რამდენი უნდა ვიშრომოთ მათთან მისაახლოებლად. ძალიან მოტივირებულები ვართ, ვეცდებით, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. მათთან თამაშით დიდ გამოცდილებასს მივიღებთ და ერთად ვნახავთ, ვართ თუ არა მზად ჩემპიონთა ლიგისთივის“.

რევაზ იმნაიშვილი: „ახალი სეზონისთვის ინტერნსურად ვემზადებით. ნაყოფიერი 10-დღიანი შეკრება გავიარეთ კაჭრეთში, რაც კარგი იყო არა მარტო ვარჯიშებისთვის, არამედ გუნდის შესაკავშირებლად და შესათამაშებლად. შეიძლება ითქვას, რომ ახალი სეზონისთვის მზად ვართ, გუნდში პოზიტიური განწყობაა. თამაშების დაწყებასთან ერთად, ეტაპობრივად გამოჩნდება, რა ხარვეზებიც გვაქვს გამოსასწორებელი და რაზე უნდა გავამახვილოთ მომავალში ყურადღება“.