წყალბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ბელარუსით იწყებს #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ბელარუსით იწყებს #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში გამართავს. პირველი შეხვედრა დღეს, 18 თებერვალს 19:30 საათზე გაიმართება და ქართველები ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელესკოლაზე იხილავთ.

„ბ“ ჯგუფში ჩვენთან ერთად პოლონეთი, ბელარუსი და სლოვაკეთი არიან. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მოიპოვებენ. მატჩები დღეიდან, 18-19 და 20 თებერვალს თბილისში სპორტკომპლექს „ოლიმპიკში“ გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანოიევიჩმა სამწვრთნელო შტაბთან ერთად, გუშინ ნაკრების შემადგენლობა დაასახელა:

ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, ხვიჩა ჯახაია, ვალიკო დადვანი, ბექა ქავთარაძე, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, სანდრო ადეიშვილი, ბორის ვაპენსკი, დუშან ვასიჩიიოვან სარიჩი, მარკო ელაჩა, ფაბიო ბარალდი.

2022 წლის ვეროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში გაიმართება. ქალაქ სპლიტში ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში 16 გუნდი ჩაერთვება, რვა მათგანის ვინაობა დიდი ხანია ცნობილია. ესენი არიან ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე პირველ რვა ადგილზე გასული ნაკრებები: უნგრეთი, ესპანეთი, მონტენეგრო, ხორვატია, სერბეთი, იტალია, საბერძნეთი და რუსეთი.

გავიხსენოთ ქართველი წყალბურთელების გზა პირველი ევროპის ჩემპიონატიდან დღემდე.

 

2014

ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2014 წელს უნგრეთში ითამაშეს. მათ გადამწყვეტ პლეიოფში თურქეთთან მეორე მატჩის წაგების მიუხედავად ბურთების შეფარდებით მოახერხეს პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა. იმ ტურნირზე გუნდმა A ჯგუფში რუმინეთის, საბერძნეთის, იტალიის, რუსეთისა და მონტენეგროს წინააღმდეგ ითამაშა, მე-7-12 ადგილების პლეიოფში კი საფრანგეთსა და რუსეთს დაუპირისპირდა. საბოლოოდ, მე-12 ადგილი დაიკავა.

 

2016

2016 წელს ევროპის ჩემპიონატს ბელგრადმა უმასპინძლა და ნაკრები კვლავ მოხვდა 16 ფინალისტს შორის. C ჯგუფში რუმინეთთან, გერმანიასთან და იტალიასთან მატჩების შემდეგ ქართველები უნგრეთთან და ჰოლანდიასთან პენალტებში დამარცხდნენ, მე-13 ადგილის პლეიოფში კი თურქეთთან 12:11 გამარჯვების შემდეგ სლოვაკეთთან 9:10 წააგეს და ჩემპიონატი მე-14 ადგილზე დაასრულეს.

 

2018

2018 წელს ევროპის ჩემპიონატი ბარსელონაში გაიმართა, სადაც ნაკრებმა ერთი საფეხურით გააუმჯობესა შედეგი და 16 მონაწილეს შორის მე-13 ადგილი დაიკავა. ჩვენი მეტოქეები იყვნენ: უნგრეთი, გერმანია, იტალია, თურქეთი, სლოვაკეთი.

 

2020

2020 წელს – საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა. ჩვენი მეტოქეები იტალია, ასევე, საბერძნეთის უძლიერესი ნაკრები და საფრანგეთი იყვნენ. საქართველოს ნაკრებმა ფრანგებთან გამარჯვება მოახერხა და 2020 წლის ვეროპის ჩემპიონატზე 10 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

დღეს კი ჩვენი ნაკრები ბელარუსთან მატჩით დაიწყებს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას მეხუთედ შეეცდება.