წყალბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში რუმინეთთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურისთვის რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.
წყალბურთის გრანდებთან შეხვედრის შემდეგ ჩვენს ნაკრებს კარგი შანსი ჰქონდა, რომ შედარებით ნაკლებად ძლიერი რუმინეთი დაემარცხებინა და კონტინენტის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრილიყო.
თუმცა საწყისი სამი მეოთხედი რუმინელების სრული უპირატესობით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მეოთხედში ანგარიში რუმინელებმა გახსნეს.
საბოლოოდ, რუმინეთის ნაკრებმა დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა – 18:11 (5:1, 5:3, 3:2, 5:5)
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ტურნირზე ასპარეზობას განაგრძობს და ევროპის ჩემპიონატზე მე-9/მე-12 ადგილებისთვის იბრძოლებს. 13 იანვარს ჩვენი გუნდი გერმანიას დაუპირისპირდება.