წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ზვერევი და ჯოკოვიჩი ითამაშებენ
წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ზვერევი და ჯოკოვიჩი ითამაშებენ

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე ფინალისტი გახდა. მან ნახევარფინალში, სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი, ძალიან იოლად – 6:2, 6:2 დაამარცხა.

ჯოკოვიჩი მოწოდებაზეც და მიღებაზეც უმაღლეს დონეზე თამაშობდა. ანდერსონმა ერთხელაც ვერ მიაღწია ბრეიკ-პოინტამდე, მეტოქის გეიმებში კი ნოვაკმა ცხრა ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ხუთი ბრეიკი მიითვალა.

ასე რომ, მსოფლიოს პირველმა ნომერმა ზედიზედ მე-14 მატჩი მოუგო TOP 10-ის წარმომადგენლებს. აგრეთვე, ზედიზედ მეხუთე ტურნირის ფინალში გავიდა. ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ გადამწყვეტ მატჩში ჯოკოვიჩი კარიერაში 73-ე და სეზონში მეხუთე ტიტულისთვის იბრძოლებს. გამარჯვების შემთხვევაში, სერბი მეექვსედ მოიგებს წლის შემაჯამებელ ტურნირს და ამ მაჩვენებლით როჯერ ფედერერს გაუთანაბრდება.