წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ლოჩოშვილია
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ლოჩოშვილია

2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილია – საქართველოს ახალაგზრდული ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლსფბერგერის“ ცენტრალური მცველი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყოველწლიურ ტრადიციულ დაჯილდოებაზე (GFF AWARDS 2020) გამოარჩია.

ლუკა ლოჩოშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია. გამოდიოდა „დინამო თბილისის“ ასაკობრივ გუნდებში. მისი დებიუტი ძირითად გუნდში შედგა 2016 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (4:0).

ტრავმით გამოწვეული პრობლემების გამო, კიევის „დინამოსა“ და სლოვაკურ „ჟილინაში“ წარუმატებელი კარიერის შემდეგ, ევროპულ ფეხბურთში გზა მაინც გაიკვლია – 21 წლის ცენტრალური მცველი ავსტრიის „ვოლფსბერგერში“ ზაფხულში გადავიდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა, კლუბში, რომელიც ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების პლეი ოფში გავიდა.

საფეხბურთო ანალიტიკის გვერდმა footnewtalents-მა ლუკა ლოჩოშვილი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო 23-წლამდელ მოთამაშეთა შორის დაასახელა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ ცენტრალური მცველი ორი ნომინაციის გამარჯვებული გახდა. 21 წლის მცველის ანგარიშზე ყველაზე მეტი ჩაჭრა და ყველაზე მეტი ართმევაა.

გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ სააგენტომ „ტრანსფერმარკტმა“ კი მოთამაშეთა ფასებს წელს საბოლოოდ 23 დეკემბერს გადახედა და ლუკას ტრანსფერის ფასი საგრძნობლად გაზარდა. ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველის ფასი 400 ათასი ევრო იყო, ახლა კი მილიონი ევრო გახდა და ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ მოთამაშეთა ათეულს მიუახლოვდა.