წლის სადებიუტო მატჩი საქართველოს პირველ არხზე - ჩვენი ნაკრები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ისტორიაში პირველად ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები დღეს, 25 მარტს ამხანაგურ მატჩს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავს. ორივე გუნდისთვის ეს იქნება გენერალური რეპეტიცია ივნისში დაგეგმილი ერთა ლიგის მატჩებისთვის. ბოსნიელები მარტის სანაკრებო ფანჯარაში საქართველოს გარდა ლუქსემბურგს შეხვდებიან, ხოლო საქართველოს ნაკრები 29 მარტს ალბანეთს ესტუმრება.
მეტოქეები მატჩს აბსოლუტურად განსხვავებული შედეგებით ხვდებიან. ბოსნია და ჰერცეგოვინამ ზედიზედ სამი მატჩი წააგო – ფინეთთან 1:3, უკრაინასთან 0:2 და აშშ-სთან 0:1. საქართველოს კი ზედიზედ სამი მოგება აქვს – კოსოვოსთან (2:1), შვედეთთან (2:0) და უზბეკეთთან (1:0).
საქართველოს ნაკრებს ამ მატჩებში ვერ დაეხმარებიან თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე, დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი. სანაკრებო კარიერა დაასრულა ჯაბა კანკავამ, რომელიც „ჯვაროსნების“ ღირსებას 18 წელიწადი იცავდა. ამხანაგური თამაშებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში დააბრუნა საბა კვირკველია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ბერიძე, ასევე ერთი დებიუტანტია – „დინამო თბილისის“ 20 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი.
მეტოქე ნაკრებს კი ვერ დაეხმარებიან მეკარე კენან პირიჩი („გიოზტეპე“), ტრავმირებული ნახევარმცველი სანინ პრციჩი („სტრასბურგი“), ასევე ორი მცველი – სინიშა სანიჩანინი („პარტიზანი“) და ანელ აჰმედჰოჯიჩი („ბორდო“) – ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებდა ადგილობრივი მედია, მაგრამ ახმეტჰოჯიჩი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად გამოცხადდა.
ასევე არ იქნება მირალემ პიანიჩი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეპასედ არის ცნობილი. „ბეშიქთაშისა“ და ბოსნია-ჰერცეგოვინას ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ტრავმირებულია.
ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგურ მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიის მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი ალექსანდრე სტავრევი იქნება, ხაზის არბიტრები – კუშტრიმ ლიკა და დანიელ ვასილევსკი. მეოთხე მსაჯი კი ბოსნია და ჰერცეგოვინას საუკეთესო არბიტრად აღიარებული ირფან პელტო იქნება.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის სრული შემადგენლობით პირველად 24 მარტს ივარჯიშა. ნაკრების საწვრთნელ პროცესში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი ჩაერთო. სარაევოში საქართველოს ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება და წინა დღეების მსგავსად გუნდმა კვლავ „სარაევოს“ ბაზაზე ივარჯიშა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა)
თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან. მატჩს 25 მარტს, ქალაქ ჟენიცას „ბილინო პოლე“ უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
25 მარტი – 23:45 | ბოსნია და ჰერცეგოვინა – საქართველო
29 მარტი – 20:00 | ალბანეთი – საქართველო