წითელმა ჯვარმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა
წითელმა ჯვარმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ მადლობის სიგელი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს სპეციალურ ღონისძიებაზე გადასცა. სიგელები გადაეცათ კომპანიებს, რომლებმაც 2022 წელს ყველაზე მოცულობითი დონაცია გაიღეს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
თინათინ ბერძენიშვილის თქმით, მაუწყებელმა 700 ათასი ლარის მობილიზება მოახდინა, რომელიც წითელი ჯვრის მეშვეობით გადაეცა უკრაინულ მხარეს.
„მრავალი წელია, გვაქვს წითელ ჯვართან თანამშრომლობა, თუმცა უკრაინაში ომის პერიოდში, ჩვენ რამდენიმე დღეში მოვახერხეთ, საკმაოდ პროდუქტიულად გვეთანამშრომლა; დაახლოებით ორ საათში მოქალაქეებმა და ბიზნესსექტორმა 700 ათასამდე ლარის მობილიზება მოახდინეს ჰუმანიტარული დახმარების სახით, რომელიც წითელი ჯვრის მეშვეობით გადაეცა უკრაინულ მხარეს. ვფიქრობ, ჩვენი ორი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი სამოტივაციო ნაწილი არის სოლიდარობა, რომლისთვისაც ყოველთვის მზად ვართ. დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.