წითელი მგლურას ახალმა სამკურნალო საშუალებამ თაგვებში სიმპტომები მნიშვნელოვნად შეამცირა — #1tvმეცნიერება

13:00, 06.07.2026

წითელი მგლურა ნამდვილად არაა სასიამოვნო. ამ ქრონიკულ ავტოიმუნურ დაავადებას რამდენიმე ფორმა აქვს და თავს ესხმის სხეულის ქსოვილებსა და ორგანოებს, იწვევს ტკივილს, შეშუპებას, უკიდურეს დაღლილობას, გამონაყარს და თავის ტკივილს.

ამჟამინდელი სამკურნალო საშუალებები ფოკუსირებულია დაავადების მართვაზე, რადგან ის განუკურნებელია.

მნიშვნელოვანი პროგრესი მოხდა წითელი მგლურას გამომწვევ მიზეზთა ფესვების, ზოგად მიზეზთა და ახალ სამკურნალო საშუალებათა დადგენაში. თუმცა, მხოლოდ აშშ-ში სისტემური წითელი მგლურა (SLE) დაახლოებით 1,5 მილიონ ადამიანს აწუხებს (ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმა) და სასწრაფოდ საჭიროა ამ მიმართულებით კვლევები.

ახლახან, მკვლევრებმა პირველად გამოავლინეს ნაწლავის ბაქტერია, რომელიც მჭიდრო კავშირშია მგლურას დაწყებასთან. შედეგები ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

ტეხასის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ცენტრის (UT Health SA) მკვლევართა ჯგუფმა წითელი მგლურას მქონე სამოდელო თაგვებში ბაქტერია Faecalibacterium prausnitzii-ის დოზები გამოიყენეს და წარმატებით შეამცირეს დაავადების მრავალი ბიომარკერი.

„წითელი მგლურას კვლევებში პირველად ხდება, რომ გამოვავლინეთ ბაქტერია, რომელიც გამოლეულია და როცა ბრუნდება, გვეხმარება“, — ამბობს UT Health SA-ს მიკრობიოლოგი ლორენს მორელი.

თავად ეს ბაქტერია მეცნიერებისთვის კარგადაა ცნობილი და მგლურასთან არანაირ კავშირში არაა, მაგრამ ახლა უკვე გვაქვს გაცილებით უკეთესი სურათი მისი პოტენციური დამცველობითი ეფექტების შესახებ.

F. prausnitzii არის ერთ-ერთი ყველაზე უხვი „კარგი“ ნაწლავის ბაქტერია. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მგლურას მქონე ადამიანებს, რომლებიც არ მკურნალობენ, ამ სახის გაცილებით ნაკლები ბაქტერია აქვთ მიკრობიომში.

წინა კვლევებიდან ასევე ვიცით, რომ F. prausnitzii აძლიერებს ნაწლავის მიერ ბოჭკოს მონელების უნარს და ხელს უწყობს მსხვილ ნაწლავსა და სხეულის დანარჩენ ნაწილებს შორის ლორწოვანი გარსის ჯანმრთელობას.

F. prausnitzii-ის ან ბაქტერიული კულტურის ორალური მიღება საკვები დანამატების სახით, აჩვენებს ანთებითი რეაქციის შემცირებას სხვა დაავადებათა მქონე სამოდელო ცხოველებში“, — წერენ მკვლევრები.

ყველა ეს მტკიცებულება მკვლევრებს F. prausnitzii-სკენ მიანიშნებდა, მაგრამ მაინც რჩებოდა კითხვები იმის თაობაზე, როგორ ურთიერთქმედებდა ის მგლურასთან და პოტენციურად როგორ გვეხმარებოდა მასთან ბრძოლაში.

„ნაწლავის მიკრობიომის ფუნქციონირებაში F. prausnitzii-ს უმნიშვნელოვანეს როლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სისტემური წითელი მგლურას (SLE) მქონე პაციენტებში აღინიშნება მისი დეფიციტი, შევისწავლეთ, აღადგენს თუ არა საკვები დანამატების სახით F. prausnitzii-ს მიღება მგლურასთან დაკავშირებულ მიკრობიომის დისფუნქციას“, — განმარტავს მკვლევართა ჯგუფი.

აკვირდებოდნენ გენებს, რომლებიც გააქტიურებული იყო F. prausnitzii-ში, ასევე იმ ქიმიკატებს, რომლებიც წარმოიქმნებოდა. დაადგინეს, რომ ამ ბაქტერიების დაკარგვა და შემდგომში მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავის, ბუტირატის შემცირება — იწვევდა ნაწლავის საფარი მუცინი უჯრედების დაზიანებას.

როცა თავის ნაწლავებში უფრო მეტი F. prausnitzii შეიტანეს, ამან ეფექტიანად გადატვირთა სისტემა. კვლავ გაუმჯობესდა ბოჭკოს მონელება, ანთების საწინააღმდეგო უჯრედები უფრო გამრავლდა, დადებითი ცვლილებები აღინიშნა თირკმელებსა და ელენთაშიც.

შედეგები იმედისმომცემია, რადგან წითელი მგლურა ადამიანებში განუკურნებელია და შეუძლია გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება, რაც იმდენად მძიმედ ხდება, რომ საჭიროებს გადანერგვას.

ჯერ ნამდვილად დასაწყისია და ეს მოხდა მხოლოდ იმაზე ახალგაზრდა თაგვებში, ვიდრე მგლურას სისტემები ვითარდება ხოლმე — მაგრამ შემაგულიანებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ F. prausnitzii-ის სამკურნალო საშუალებები შეიძლება დაგვეხმაროს ბუნებრივი დეფიციტის ბალანსის აღდგენაში.

„თუ ნაკლები გაქვთ ბოჭკოს მომნელებელი ბაქტერიები, გაქვთ ცხიმოვანი მჟავების გაცილებით მოკლე ჯაჭვი და უფრო ანთებისკენ მიდრეკილი მდგომარეობა. ძალიან აღფრთოვანებულები დავრჩით, როცა ვნახეთ, რომ პრობიოტიკის ერთ შტამს ასეთი დიდი რამის გაკეთება შეეძლო“, — ამბობს მიკრობიოლოგი იონგ გე.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ F. prausnitzii არ გვხვდება ყველაზე გავრცელებულ პრობიოტიკთა უმეტესობაში ორი მახასიათებლის გამო, რომლებმაც შეიძლება გაართულოს საბოლოო მკურნალობა — ის სხეულში დიდხანს ვერ რჩება და ჟანგბადი მის ინაქტივაციას ახდენს.

ამიტომ, მკვლევრები გეგმავენ შეამოწმონ, როგორ ურთიერთქმდებს F. prausnitzii-ს მიერ წარმოქმნილი ქიმიური ნივთიერებები სხეულის იმუნურ უჯრედებთან — რამაც შეიძლება უფრო მეტი გვითხრას იმის თაობაზე, როგორ შეიძლება გავიმეოროთ მისი ეფექტები მედიკამენტში.

ჩვენი ნაწლავის მიკრობიომასა და იმუნურ სისტემაზე გავლენას ახდენს უამრავი ფაქტორი. მრავალი მათგანი შეიძლება ერთობლივად მუშაობდეს მგლურას გამოსაწვევად.

ვინაიდან კვება ძალიან ადვილად ცვლის ჩვენი ნაწლავის მიკრობიომს, მკვლევართა შემდეგი ნაბიჯი ამის შესწავლაა, რათა ნახონ, რა გავლენას ახდენს კვება F. prausnitzii-ს დონეებსა და წითელი მგლურას ბიომარკერებზე.

„გვსურს, ეს ყველაფერი გავაერთიანოთ მექანიკური, მკაცრი კვლევისთვის, რომელიც კვების რაციონში არსებულ სხვადასხვა ნახშირწყლებს ჯანმრთელობის შედეგებთან დააკავშირებს“, — ამბობს UT Health SA-ს მიკრობიოლოგი ლორენს მორელი.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.uthscsa.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი