შვიდი გოლი და წითელი ბარათი - ტუხელის „ჩელსი“ პირველად დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
შვიდი გოლი და წითელი ბარათი - ტუხელის „ჩელსი“ პირველად დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგა განახლდა. ტურის პირველ შეხვედრაში ლონდონის „ჩელსიმ“ „ვესტ ბრომვიჩს“ უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში 2:5 დამარცხდა. ეს პირველი წაგება იყო მას შემდეგ რაც ტომას ტუხელი „არისტოკრატების“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ აქამდე გერმანელ სპეციალისტს 14-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, სადაც მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გაშვებული. სემ ელერდაისის გუნდთან კი 5 გოლი გაუშვა.

შეხვედრაში ანგარიში 27-ე წუთზე პულიშიჩმა გახსნა. ალონსოს ჯარიმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, ამერიკელმა ფეხბურთელმა კი დასწრებაზე კარგად ითამაშა და თავისი გუნდი დააწინაურა. ამას მოჰყვა 29-ე წუთზე ჟორჟინიოს მიერ დაშვებული შეცდომა, რაც ტიაგო სილვას მეორე ყვითელი ბარათით დასრულდა და ლონდონელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. მიუხედავად ამისა, „ჩელსი“ თამაშს მაინც აკონტროლებდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს მათეუს პერეირამ ორი გოლის გატანა მოახერხა და პირველი ნახევარი „ვესტ ბრომვიჩის“ გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა კვლავ გამოიყენეს უპირატესობა და მეტოქეს 2 გოლი გაუტანეს. 63-ე წუთზე თავი კალუმ რობინსონმა გამოიჩინა, 68-ზე კი სხვაობა სამამდე მბაიე დიანემ გაზარდა. „ჩელსიმ“ ერთი გოლის გაქვითვა მალევე შეძლო, ალონსოს ფლანგიდან გაკეთებული პასის შემდეგ ბურთი ვერნერს მიუვიდა, რომელმაც ბურთი კარგად დაამუშავა და ცარიელ კარებთან დარჩენილ მეისონ მაუნტს გადააწოდა, რომელმაც ანგარიში 2:4 გახადა. ამის შემდეგ ტუხელის გუნდი კვლავ ცდილობდა თამაშის შემოტრიალებას, მაგრამ კაცნაკლულებმა ეს ვერ მოახერხეს. მატჩის ბოლო წუთებზე კი ერთი ერთზე გასულმა კალუმ რობინსონმა მენდის ბურთი თავზე გადაუგდო, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:5.

 

30 თამაშის შემდეგ ლონდონის „ჩელსი“ პრემიერლიგის ცხრილში 51 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და 2 ქულით უსწრებს „ვესტ ჰემს“, მესამე ადგილზე მყოფ „ტოტენჰემს“ კი 48 ქულა აქვს. „ვესტ ბრომვიჩი“ კი 21 ქულით ბოლოს წინა ადგილზეა.