გიორგი წიტაიშვილმა კიევის „დინამოში” სადებიუტო გოლი გაიტანა. უკრაინის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ამხანაგურ შეხვედრაში პოლტავის „ვორსკლას” დაუპირისპირდა, რომლის შემადგენლობაში სანდრო კობახიძემ და ანდრო გიორგაძემ ითამაშეს.
კიეველებმა 5:0 მოიგეს, რაშიც წიტაიშვილმა თავისი წვლილი შეიტანა. 18 წლის ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 27-ე წუთზე ეფექტური დარტყმით პოლტაველთა კარი მეორედ აიღო. 35-ე წუთზე კი „დინამოს” ურუგვაელმა ახალწვეულმა კარლოს დე პენამ მისი ფლანგური გადაცემით გაიტანა. მეორე ტაიმში წიტაიშვილი შეცვალეს.
გიორგი წიტაიშვილი ისრაელში დაბადებული ქართველია. ამჟამად უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. მამამისი, კობა წიტაიშვილი იყო ზუგდიდის „ოდიშის” და თბილისის „დინამოს” თავდამსხმელი, 2003-2006 წლებში ფამაგუსტას „ანორთოსისში” გამოდიოდა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.