წინასწარი მონაცემებით, კანადაში ვადამდელ საყოველთაო არჩევნებში მარკ კარნის „ლიბერალური პარტია“ ლიდერობს
კანადაში საყოველთაო ვადამდელ არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის „ლიბერალური პარტია“ ლიდერობს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მან თემთა პალატაში 150-ზე მეტი ადგილი მოიპოვა, თუმცა ამჟამად უმრავლესობისთვის საჭირო 172 ადგილია. ხმების დათვლა გრძელდება. არჩევნების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, სამშაბათს, ღამით გახდება ცნობილი.
კანადელები ვადამდელ არჩევნებს ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებად მოიხსენიებენ. მედია წერს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს კარნი გამოირჩეოდა ანტიტრამპისტული განცხადებებით და თავისი კამპანია სწორედ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გარშემო ააგო.
კარნის მთავარ კონკურენტად, პიერ პოლიეფის ხელმძღვანელობით, ოპოზიციური „კონსერვატიული პარტია“ განიხილებოდა, რომელიც წლის დასაწყისში ჩატარებულ გამოკითხვებში ლიდერობდა, თუმცა „ლიბერალური პარტია“ ამჟამად არჩევნებში გამარჯვების მთავარ ფავორიტად ითვლება.