წინასწარი გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი ხმათა 58.2 პროცენტით იმარჯვებს
წინასწარი გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი ხმათა 58.2 პროცენტით იმარჯვებს

საფრანგეთში საარჩევნო უბნები დაიხურა. კენჭისყრის პროცედურის დასრულებისთანავე, ცნობილი გახდა წინასწარი გამოკითხვების შედეგები.

გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხმათა 58.2 პროცენტით იმარჯვებს, მის კონკურენტ მარინ ლე პენს კი ხმათა 41.8 პროცენტი აქვს. წინასწარი მონაცემების თანახმად, საფრანგეთს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ემანუელ მაკრონი უხელმძღვანელებს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბოლო კვირაში ჩატარებულ გამოკითხვებთან შედარებით, ემანუელ მაკრონს უფრო დიდი უპირატესობა აქვს, თუმცა სხვაობა 2017 წლის არჩევნებთან შედარებით, უფრო მცირეა, როდესაც ემანუელ მაკრონმა ხმების 66.1 პროცენტი მიიღო, მარინ ლე პენმა კი 33.9 პროცენტი.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. პირველ ტურში ხმათა 50 პროცენტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. შედეგად, არჩევნების მეორე ტური საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს, მოქმედ პრეზიდენტს, ცენტრისტ ემანუელ მაკრონსა და მის კონკურენტს, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს შორის დაინიშნა.