ევროპის ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღეს უელსისა და შვეიცარიის მატჩი გახსნის. А ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტი იტალიის ეროვნული გუნდია, შვეიცარია, უელსი და თურქეთი კი თანაბარის ძალის ნაკრებებად მოიაზრება. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაში მცირე უპირატესობას შვეიცარიის ნაკრებს ანიჭებენ, რომელიც ფიფა-ს რეიტინგში მე-13 პოზიციაზეა, უელსი კი მე-17-ზე.
ეს გუნდები ერთმანეთს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ – ხუთჯერ შვეიცარიამ გაიმარჯვა, ორჯერ – უელსმა და ფრე ერთხელაც არ დაფიქსირებულა.
უელსი
ამ შეხვედრაში უელსის ნაკრები მეორე ნომრად მოიაზრება და ფეხბურთის მიმომხილველების დიდი ნაწილი უპირატესობას შვეიცარიას ანიჭებს. ევრო 2016-ზე უელსის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ სენსაციად მოინათლა. უელსელებმა მეოთხედფინალში ბელგია დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ. თუმცა, ეს ხუთი წლის წინ მოხდა და ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები, გარეტ ბეილი და აარონ რემზი თავის საუკეთესო ფორმაში არ არიან. გუნდს სამწვრთნელო სტაფთან დაკავშირებული პრობლემაც აქვს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი რაიან გიგზი საქმიანობას დროებით ჩამოაშორეს და უელსს სათავეში მისი ასისტენტი, რობერტ პეიჯი უდგას.
უელსის სავარაუდო შემადგენლობა: უორდი, მეპჰემი, როდონი, დევისი, რობერტსი, ალენი, ამპადუ, უილიამსი, ჯეიმსი, უილსონი, ბეილი.
შვეიცარია
ფიფა-ს მსოფლიო რეიტინგში შვეიცარიას მეცამეტე ადგილი უჭირავს, ევროპულ ნაკრებებს შორის კი მეცხრე პოზიციაზეა.
ევრო 2020-ის დაწყებამდე შვეიცარიელებმა ორი საკონტროლო მატჩი გამართეს და ორი გამარჯვება მოიპოვეს (შეერთებულ შტატებთან – 2:1 და ლიხტენშტეინთან – 7:0). შვეიცარია ორგანიზებული, პროფესიონალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და კარგად შეთამაშებული გუნდია, რასაც ფიფა-ს, ამ ნაკრებისთვის სარეკორდო რეიტინგიც მოწმობს.
შვეიცარიის სავარაუდო შემადგენლობა: სომერი, ელვედი, შარი, აკანჯი, მბაბუ, ზაკარია, ჯაკა, როდრიგესი, შაქირი, ემბოლო, სეფეროვიჩი.
დღევანდელ შეხვედრას ორივე ნაკრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლის რეალური პერსპექტივა გაჩნდება.