ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, 2021 წლის 11 ივნისს, 23:00 საათზე, რომის ოლიმპიურ სტადიონზე ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს. თურქეთის ეროვნული ნაკრები ნომინალური მასპინძლის სტატუსით ადგილობრივ იტალიასთან პირველ შეხვედრას ჩაატარებს და შეეცდება, „სკუადრა აძურა“ დაამარცხოს.
თურქეთის ეროვნული გუნდი ამ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ახალგაზრდული ნაკრები იქნება, მათი საშუალო ასაკი 24.9 წელია. თუმცა, ამ გუნდს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი თურქი სპეციალისტი შენოლ გიუნეში უხელმძღვანელებს, რომელსაც ამ ნაკრების ბოლო დროინდელ წარმატებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი.
ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა – 7 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი. თურქებთან მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან და ჯგუფის პირველადგილოსანთან, საფრანგეთის ნაკრებთან ორ შეხვედრაში 4 ქულის მოპოვება მოახერხა, გაიტანა 18 გოლი და მხოლოდ 3 გაუშვა. მას შემდეგ, რაც 2019 წელს გიუნეში თურქეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში 26 თამაშში მისი გუნდი მხოლოდ სამჯერ დამარცხდა.
იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს, შესანიშნავი შედეგით ხვდება. მას შემდეგ, რაც პირინეელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა ვერ მოახერხეს, გუნდი რობერტო მანჩინიმ ჩაიბარა. გამოცდილი სპეციალისტის ხელში, იტალიის ნაკრები ერთადერთხელ დამარცხდა, ამის შემდეგ კი 27 შეხვედრაა არ წაუგიათ.
„სკუადრა აძურამ“ 22 მატჩი მოიგო, 5 კი ფრედ დასრულდა, გაიტანა 74 გოლი და 7 საკუთარ კარში მიიღო. საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 შეხვედრიდან იტალიამ 10-ვე მატჩი მოიგო, 37- ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება და მხოლოდ 4 ბურთი გაუშვა. იტალიის განსაკუთრებულ გუნდურ თამაშზე ისიც მეტყველებს, რომ შესარჩევზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ბელოტი იყო, რომელმაც 4 გოლი გაიტანა, ხოლო 3-3-ის გატანა ინსინიემ, ჟორჟინიომ, იმობილემ და ბარელამ მოახერხეს. ბოლო 8 შეხვედრაა, იტალიის ნაკრების კარში გოლი არ გასულა.
„სკუადრა აძურას“ პირველ შეხვედრაში ტრამვის გამო, დიდი ალბათობით, გუნდის ლიდერი მარკო ვერატი ვერ დაეხმარება, თუმცა მისი დაზიანება სერიოზული არ არის და ის სულ მალე დაიწყებს სრული დატვირთვით ვარჯიშს. ასევე ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ლორენცო პელეგრინი, რომელსაც კუნთის ტრავმა აქვს. რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებს კლასიკური 4-3-3 ტაქტიკით ათამაშებს და ძნელად სავარაუდოა, რომ ეს ამ ევროპის ჩემპიონატზე შეიცვალოს.
სავარაუდოდ, პირინეელები ამ შემადგენლობით დაიწყებენ თამაშს: (4-3-3): დონარუმა, ფლორენცი, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა, ბარელა, ჟორჟინიო, ლოკატელი – ბერარდი, იმობილე, ინსინიე.
გიუნეშის გუნდს იტალიასთან შეხვედრის წინ არავითარი საკადრო პრობლემა არ აქვს და სრული შემადგენლობით ემზადება. თურქეთის ნაკრები ბოლო პერიოდი ძირითადად ორი ტაქტიკით თამაშობს 4-4-2 ან 4-2-3-1.
თურქები ამ შეხვედრაში სავარაუდოდ, შემდეგი შემადგენლობით დაიწყებენ: (4-5-1): უგურჯანი ,ზეკი ჩელიკი, დემირალი, სოიონჯუ, უმუთ მერაში, იოკუშლუ, ტუფანი, ჩალჰანოღლუ, ჩენგიზ იუნდერი, ქენანი, ბურაქ ილმაზი.
კომენტარები
რობერტო მანჩინიმ თურქეთის ნაკრებზე მატჩის წინ მცირე კომენტარი გააკეთა:
„თურქეთის ნაკრები საკმაოდ ძლიერი მეტოქეა; ისინი კარგად არიან მომზადებულები, როგორც ტაქტიკურად, ასევე ფიზიკურად. მათ ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხი საკმაოდ გააუმჯობესეს“.
კომენატარი გააკეთა თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, შენან გიუნეშმაც:
„პირველ შეხვედრაში მიღწეული შედეგი მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევაში თუ მოვიგებთ ან მატჩი ფრედ დასრულდება, ეს ყველაფერი ჯგუფში არეულობას გამოიწვევს. შესაძლოა დავმარცხდეთ, მაგრამ მთავარი კარგად თამაშია. ევრო 2020-ზე მონაწილეობა კარგია, მაგრამ არ შეიძლება, ეს ყველაფერი აქ დასრულდეს“.
ეს ნაკრებები ერთმანეთს აქამდე შვიდჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც იტალიამ 4 შეხვედრა მოიგო, 3 კი ფრედ დასრულდა. იტალიელებმა 12 გოლის გატანა მოახერხეს და საპასუხოდ მხოლოდ 3 მიიღეს. შესაბამისად , თურქეთის ნაკრებს „სკუადრა აძურასთან“ ერთი მატჩიც არ მოუგია.