წინასაახალწლო საინფორმაციო კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ დაიწყო
წინასაახალწლო საინფორმაციო კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წინასაახალწლოდ უკვე მეოთხედ იწყებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას „ნუ მოჭრი, მორთე“, რომლის მიზანს წიწვოვნების ჭრის პრევენცია, საპრევენციო ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

კამპანიის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი მედიის წარმომდგენლებს შეხვდა და მათ კამპანიის მნიშვნელობა, მიზნები, ასევე, კამპანიის ფარგლებში მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ მედიის წარმომადგენლებმა გახსნეს. მათ სიმბოლურად მორთეს ნაძვის ხე და საზოგადოებასაც მოუწოდეს ჩართულობისკენ.

კამპანიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეარჩიონ ადგილმდებარეობა [როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში მდებარე სკვერები, ბაღები, პარკები] და საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად მორთონ.

„კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ ფართო საზოგადოებას საშუალებას აძლევს, საკუთარი გადაწყვეტილებითა და ქმედებით წვლილი შეიტანოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წიწვოვანი სახეობების შენარჩუნებაში, რადგან თუკი საახალწლოდ ერთი მილიონი ოჯახი ცოცხალი ნაძვის დადგმას მოისურვებს, ეს ერთი მილიონი ხის მოჭრასა და შესაბამისად, 700 ჰექტარი ტყის გაჩეხვას გამოიწვევს, რაც ფასდაუდებელი დანაკარგია ქვეყნის ბუნებისთვის. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი, მოჭრას კი მხოლოდ ხუთი წუთი სჭირდება“ ,- აცხადებენ  სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში.