წილკანში  არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში დღეს სასულიერო პირები ჩავლენ
წილკანში  არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში დღეს სასულიერო პირები ჩავლენ

მამა შალვა კეკელიას განცხადებით,  20-მდე სასულიერო პირი დღეს სოფელ წილკანში  ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩასვლას გეგმავს.

მისი თქმით, პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირები  თბილისიდან სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებამდე და დაკრძალვამდე ყოველდღე ჩავლენ.

„ჩვენ სამღვდელოება, სოფელ წილკანში პანაშვიდზე, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მივდივართ, ვინაიდან გარდაცვლილი ჩვენი შვილია. ამ ფორმით, ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი გვინდა გამოვხატოთ. ასევე ის, რომ ეკლესია ამ ტრაგედიის დროს ერის გვერდითაა და ტატუნაშვილის ოჯახის ტკივილი, ჩვენი ტკივილია. სასულიერო პირები თბილისიდან სოფელ წილკანში ჩასვლას არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებამდე და დაკრძალვამდე ყოველდღე ვაპირებთ. ჩვენ ყოველთვის იქ ვართ, სადაც ერს უჭირს“, – განაცხადა მამა შალვა კეკლიამ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მოძღვრებმა მოილაპარაკეს და კურთხევა პატრიარქისგან აიღეს.

ამასთან, როგორც მამა შალვა კეკელიამ აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმაციას  არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. როგორც ის განმარტავს, სასულიერო პირები არა ერგნეთში აქციის გამართავს, არამედ,  წილკანში ჩასვლას აპირებენ.

„ამ ფაქტის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. 20-მდე სასულიერო პირი დღეს მხოლოდ წილკანში ჩავალთ და ერგნეთში საპროტესტო აქციის გამართვას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.