მწერალთა სახლში ნუგზარ მძინარიშვილის წიგნის – მისტერ „მ“ საქართველოდან – პრეზენტაცია გაიმართა.
ლატვიაში მცხოვრები ჩოგბურთელი პირველია ქართველებიდან, რომელიც უიმბლდონის „დიდი სლემის“ (Grand Slam)-ის მონაწილე იყო იუნიორთა და მამაკაცთა შორის (1961-62). მსოფლიოს უძლიერეს მოთამაშეების შორის დამკვიდრდა და ლეგენდარულ როდ ლეივერთან იბრძოდა.
მძინარიშვილი ყველა თანრიგში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის წევრი – 1958 წლიდან 1967 წლამდე. სამი წელი ზედიზედ იყო საბჭოთა კავშირის უძლიერეს ჩოგბურთელთა ათეულში. გახლდათ საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1981-84), ლატვიის ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1986-1992), ლატვიის ჩოგბურთის კავშირის გენმდივანი (1987-1992), ბალტიისპირეთის ჩოგბურთის კავშირის გენმდივანი (1990-1991), ევროპის ვეტერანთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ლატვიის ნაკრების გუნდის შემადგენლობაში (საარბრიუკენი,1995). იყო ლატვიის პრეზიდენტის საკონსულტატივო გამგეობის წევრი (2011-დან), არის ლატვიის ქართველთა საზოგადოება „სამშობლოს“ თავმჯდომარე (2010-წლიდან).
მძინარიშვილმა კარიერა ლეგენდარულ ქართველ ჩოგბურთელთან, ალესანდრე მეტრეველთან ერთად დაიწყო. მასთან ერთად გახდა ევროპის გუნდური პირველობის (21 წლამდე) პრიზიორი (1963 ), უნგრეთის ღია პირველობის ჩემპიონი (1964). ნუგზარ მძინარიშვილმა წიგნი სწორედ მეტრეველსა და საქართველოში ჩოგბურთელთა პირველი თაობის მიღწევებს მიუძღვნა.
წიგნის პრეზენტაციას უძღვებოდა ჯამლეტ ხუხაშვილი, ესწრებოდნენ თავად ალექსანდრე მეტრეველი და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები.
„საქართველოში ახალი თაობა მოდის და მათ უნდა იცოდნენ, საიდან იწყებოდა ჩვენი ჩოგბურთის ისტორია და რა წარმატებები გვქონდა. მიხარია, რომ მეტრეველთან ერთად ვიწყებდი კარიერას, რომელიც ნამდვილი ლეგენდა გახდა“, – ამბობს წიგნის ავტორი ნუგზარ მძინარიშვილი.
ალექსანდრე მეტრეველი, ვეტერანი ჩოგბურთელი – „თბილისში გუშინ ჩამოვედი და წიგნი არ წამიკითხავს. მაგრამ თავად ეს ფაქტი ფაქტი ჩემთვის საამაყო და სასიხარულოა. მადლობა ყველას, ვინც დღეს ასეთი სიხარული მაჩუქა“.