წეროვნის დევნილთა დასახლებაში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა
წეროვნის დევნილთა დასახლებაში ფონდ არველაძისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს პარტნიორობით, ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა.
სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ერთი თვის წინ დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში გაიზარდა მოედნის ფართობი, დაიგო ახალი თაობის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა განათება და კალათბურთის ორი ახალი ფარი.
სტადიონის გახსნის დღეს, წეროვნის დევნილთა დასახლებაში ბავშვთა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა. 25 მოზარდით დაკომპლექტებულ გუნდს ფონდის მიერ შერჩეული მწვრთნელი, კვირაში სამჯერ ავარჯიშებს.
გუნდს ვარჯიშისთვის და თამაშისთვის საჭირო საფეხბურთო ინვენტარი, ბურთები და ფორმები გადაეცა.
„ზუსტად ერთი თვეა, რაც ბავშვებს დავპირდით, რომ ახალ სტადიონს გავუკეთებდით და, მე მგონი, ეს პირობა შევასრულეთ. ძალიან დიდი მადლობა თურქეთის საელჩოს და პირადად ქალბატონ ელჩს ამ დახმარებისთვის“, – განაცხადა შოთა არველაძემ.