წერაქვი საერთაშორისო მულტიდისციპლინურ ფესტივალს უმასპინძლებს
წერაქვი საერთაშორისო მულტიდისციპლინურ ფესტივალს უმასპინძლებს

22-25 აგვისტოს სოფელი წერაქვი მეექვსედ უმასპინძლებს საერთაშორისო მულტიდისციპლინურ ფესტივალს „One Caucasus”. წელს ფესტივალი მუსიკოსებს 10 ქვეყნიდან, მათ შორის: აზერბაიჯანი, ბენინი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, საქართველო, სენეგალი, სომხეთი, უკრაინა, შოტლანდია მიიღებს.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის მონაწილენი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან ჩამოსულ 50 მოხალისესთან ერთად აშენებენ სრულიად ახალ, შემოქმედებით სივრცეს სამი კულტურის გზაჯვარედინზე, რადგან წერაქვი – ეს არის მულტიეთნიკური ადგილი, სადაც განსხავავებული რელიგიისა და ეროვნების ადამიანები წლებია მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.

„მულტიდისციპლინური – მუსიკისა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი სხვადასხვა კულტურისა და სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მუშაობის გამოცდილების მქონე ხელოვანებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს შეხვდნენ და შექმნან საერთო მუსიკალური პროექტები. ფესტივალი აერთიანებს მუსიკოსებს, მხატვრებს, არქიტექტორებს, პედაგოგებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან და აქტიურად მუშაობს ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაზე, რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებისთვის არაფორმალური განათლების პროგრამის განხორციელებით, ასევე, მხარს უჭერს პირველი სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის რეალიზებას უშუალოდ წერაქვსა და სხვა რეგიონებშიც.

8 აგვისტოდან მოხალისენი, უკვე, წერაქვში ცხოვრობენ და ფესტივალის მზადებისა და თანაცხოვრების პერიოდში ქმნიან მოდელს – ვიცხოვროთ ერთად ერთიან კავკასიაში – კონფლიქტების გარეშე. One Caucasus-ის მთავარი იდეაც ხომ ესაა – შექმნას უსაფრთხო და შთამაგონებელი სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახლაგაზრდებისთვის და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას ადამიანებთან მთელი მსოფლიოდან“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, სამი კვირის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში მდებარე პატარა სოფელი წერაქვი, სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, იქმნება შემოქმედებითი ლაბორატორია, სადაც ყველა ცდილობს, ფესტივალის მზადების ფარგლებში მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალზე დასწრება/ტრანსპორტირება თბილისიდან და ქვემო ქართლის რაიონული ცენტრებიდან უფასოა. ასევე, ფესტივალი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს უფასო საკარვე ზონას.

„ჩამოდი, შემოგვიერთდი, ნახე ერთიანი კავკასია და გახსოვდეს, რომ მსოფლიომდე გზა სწორედ პატარა სოფელზე გადის“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.