წელს ტრამპმა თავისი წინამორბედი ბაიდენი თითქმის 900-ჯერ ახსენა

11:18, 22.09.2026
ნიუ-იორკის მერ ზორან მამდანისთან (ფოტოზე მარჯვნივ) 2026 წლის 21 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა

ნიუ-იორკის მერ ზორან მამდანისთან (ფოტოზე მარჯვნივ) 2026 წლის 21 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა

2026 წლის დასაწყისიდან დღემდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის სახელი თითქმის 900-ჯერ ახსენა.

 

ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თავის საგამოძიებო მასალაში იუწყება.

„როიტერმა“ მიმდინარე წელს ტრამპის მიერ ბაიდენის მოხსენიების შემთხვევები გააანალიზა. კვლევის თანახმად, თითქმის 200 ღონისძიებაზე და ინტერვიუში, ასევე Truth Social-ში გამოქვეყნებულ 190-მდე პოსტში, ტრამპმა ბაიდენის სახელი, სულ მცირე, 890-ჯერ ახსენა.

„მან ბაიდენი, სულ მცირე, 210-ჯერ ახსენა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, 168-ჯერ – საიმიგრაციო თემებზე საუბრისას, ხოლო 138-ჯერ – საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კომენტირებისას; ამასთან, მან ბაიდენი რიგ შიდაპოლიტიკურ პრობლემებში დაადანაშაულა“, – იუწყება სააგენტო.

ივლისში, ანკარაში (თურქეთი) გამართულ ნატოს სამიტზე, ტრამპმა ერთ დღეში ბაიდენის მოხსენიების რეკორდი დაამყარა – მისი სახელი 16-ჯერ ახსენა. მაშინ მან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი საბრძოლო მასალის დეფიციტის შექმნასა და ქვეყანაში საცხოვრებელ ფართზე ფასების ზრდაში დაადანაშაულა.

ბაიდენთან მიმართებაში ყველაზე ხშირად ნახსენებ თემებს შორის, ეკონომიკის შემდეგ, მეორე ადგილზეა მიგრაცია. თავის გამოსვლებში, ტრამპი ხაზს უსვამდა, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე არალეგალური მიგრაციის რეკორდულ მაჩვენებლამდე ზრდას სწორედ ჯო ბაიდენის პოლიტიკამ შეუწყო ხელი.

ტრამპმა ბაიდენი მსოფლიოში საერთაშორისო კრიზისების გაღვივებაშიც დაადანაშაულა. კერძოდ, მან სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე, ირანთან ამჟამინდელ დაპირისპირებასა და ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანაზე.

გარდა ამისა, ტრამპმა თავისი წინამორბედი პირად საკითხებზეც გააკრიტიკა – ხაზი გაუსვა ბაიდენის გონებრივ შესაძლებლობებსა და იმ ფაქტს, რომ იგი, გარკვეული დოკუმენტების ხელმოსაწერად, ავტოკალმებს იყენებდა.

სტატიის ავტორი: ნატალია ხრიშალოვა, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: ბრენდან სმიალოვსკი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი, 2026 წელი, 18:27 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი