მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შარშან შესაბამის პერიოდში 449 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„2020 წლის 2 სექტემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8474 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6 326 მამაკაცია და 2 148 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1734 გარდაიცვალა.
2 სექტემბრის მონაცემებით, არვ მკურნალობას იტარებს 5220 (4630 + 590 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.6 პროცენტი (3107) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.0 პროცენტი (4150) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.0 პროცენტი (1020) – მამაკაცები, რომელთაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცთან; 1.3 პროცენტი (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 პროცენტი (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 პროცენტი (47) – გადაცემის გზა დაუდგენელია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3148 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1165; შემდეგ იმერეთში 1017; აჭარაში 970; აფხაზეთში (528); კახეთში (419) ქვემო ქართლში (485); შიდა ქართლში (314); გურიაში (180); სამცხე-ჯავახეთში (113) და ა.შ.
„2020 წელს 99 აივ ინფიცირებული გარდაიცვალა, მათ შორის 79 მამაკაცია და 20 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა, 27 გარდაიცვალა, სამი გავიდა ქვეყნიდან; ინფიცირების გზების მიხედვით განაწილება ასეთია: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით – 108 შემთხვევა (მათგან ერთი – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი – ოთხი; დაუდგენელი – ორი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.