Wells Fargo - ოქრო უახლოეს მომავალში გაიაფდება
Wells Fargo - ოქრო უახლოეს მომავალში გაიაფდება

ოქრო უახლოეს მომავალში ბოლო ორი წლის მინიმუმამდე გაიაფდება და ტრენდს მომდევნო 3-5 წლის მანძილზე შეინარჩუნებს. ასეთია ცნობილი ამერიკული ფინანსური გიგანტის, Wells Fargo Investment Institute-ის პროგნოზი.

მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების გაუფასურების ფონზე ოქროს ფასი საგრძნობლად გაიზრდა და ივლისში დაფიქსირებულ მაქსიმუმზე ავიდა. მხოლოდ გუშინ ოქროს ფასი ერთი პროცენტით გაიზარდა და უნციაზე 1 233 დოლარი და 20 ცენტი შეადგინა. საერთო ჯამში ბოლო ორი თვის მანძილზე ოქროს ფასის ზრდამ სამ პროცენტს გადააჭარბა, თუმცა წლის განმავლობაში ამ ძვირფასი ლითონის ფასი 6 პროცენტითაა შემცირებული.

ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური კორპორაციის Wells Fargo Investment Institute-ის ანალიტიკოსის, ჯონ ლაფორჯის აზრით, ოქრო გაუფასურების ციკლში შევიდა. მისი ფასი უახლოეს თვეებში ან სულაც მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარდნას დაიწყებს და დიდი ალბათობით, ბოლო ორი წლის მინიმუმამდე შემცირდება. ეს პროგნოზი ლაფორჯმა ამერიკულ ტელეარხ CNBC-ისთან საუბრის დროს გააკეთა.

ლაფორჯის განმარტებით, 2001 წლიდან 2011 წლამდე ოქროს ღირებულება ზრდის ციკლში იყო და მისი ფასი უნციაზე 250 დოლარიდან 2 ათას დოლარამდე გაიზარდა. დღეის მდგომარეობით, მოთხოვნამ ზენიტს მიაღწია და ახლა ვარდნის პერიოდი იწყება, რაც ლაფორჯის აზრით სამ ან ხუთ წელიწადს გასტანს. ამ პერიოდის განმავლობაში ოქროს ფასი სავარაუდოდ, უნციაზე 1 050-1 350 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

დატოვე კომენტარი