წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე გამოძიებას იწყებს
წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე გამოძიებას იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე გამოძიებას იწყებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სთხოვს, ერთი კვირის ვადაში წარადგინოს რელევანტური ინფორმაცია, მათ შორის, ადმინისტრაციის მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით წამოწყებული გამოძიების დოკუმენტები.

კომიტეტში თანახმა არიან, მოხდეს არსებული დაფინანსების გეგმის გადახედვა, თუმცა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, ახლა, როდესაც მსოფლიო „კოვიდ-19“-ს უმკლავდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა გამოსავალი არ არის.

თუ აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა დაწესებულ ვადებში არ მოხდა, კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს ძალაუფლება, ფედერალურ სააგენტოებს სასამართლოში უჩივლოს.

დონალდ ტრამპმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაფინანსება 14 აპრილს შეუჩერა, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციას დეზინფორმაციის გავრცელებაში და „კოვიდ-19“-ზე არაეფექტიან რეაგირებაში დასდო ბრალი.