წარმატებული სტარტი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში - საქართველოს ნაკრებმა ბელგია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის პირველ მატჩში ბელგიას დაუპირისპირდა დაძაბულ შეხვედრაში მეტოქე 4:2 დაამარცხა.
გუნდს უახლოეს ორ ოფიციალურ შეხვედრაში ტრავმის გამო ზვიად კუპატაძე ვერ ეხმარება, მაგრამ მისმა შემცვლელმა თორნიკე ბუკიამ შესანიშნავად ითამაშა. „არენა თბილისში“ გამართული შეხვედრა სტუმრებმა კარგად დაიწყეს და ავთანდილ ასათიანის გუნდის მეკარეს თავიდან ბევრი საქმე ჰქონდა, მან კი რამდენჯერმე გუნდი გადაარჩინა.
შესვენებამდე საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მაინც მოიპოვება და საგოლე მომენტები შექმნა, მაგრამ სტუმართა მეკარე დრის ვრანკენიც შესანიშნავად თამაშობდა. თუმცა, შესვენებამდე 5 წამით ადრე საქართველოს ნაკრებმა მიზანს მაინც მიაღწია. კუთხურის შესრულების შემდეგ ვილიანმა ძლიერად დაარტყა ბურთი, რომელიც ბინიოს მოხვდა და სტუმართა კარში აღმოჩნდა 1:0.
მეორე ნახევრის დასაწყისში ბელგიელებმა ანგარიში სწრაფად გაათანაბრეს. 22-ე წუთზე შეტევა ომარ რაჰუმ დააგვირგვინა. ერთ წუთში კი ვილიანთან უხეშობისთვის ბელგიელების მეკარე დრის ვრანკენი მოედნიდან გააძევეს, რაც ამ მატჩში გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. რიცხვობრივი უპირატესობა გუნდმა კარგად გამოიყენა – მალე ფერნანდო დრასლერმა საქართველოს ნაკრები ისვე დააწინაურა – 2:1. 2 წუთში კი მცველს შეცდომა რონინიომ არ აპატია და ჩვენი გუნდის უპირატესობა გაზარდა.
სუფიან ელ ფაიკიმ 26-ე წუთზე სხვაობა ისევ შეამცირა და თამაში ძალიან დაიძაბა. ბელგიელებმა მატჩის გადასარჩენად მეკარე მეხუთე მოთამაშით შეცვალეს – ამით თალესმა ისარგებლა, მეტოქის შეტევა ჩაშალა, საკუთარი საჯარიმოდან ბელგიელებს მეოთხე გაუტანა და საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 4:2.
საქართველო – ბელგია
1:0 ვილიანი (20), 1:1 რაპუ (22), 2:1 ფერნანდო დრასლერი (25), 3:1 რონინიოს (27), 3:2 ელ ფაიკი (36), 4:2 თალესი (38)
გაძევება: ვრანკენი (24)
მეინ-რაუნდისთვის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს გასვლაზე ავსტრიასთან გამართავს. ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს. 2024 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 7 ევროპული ნაკრები ითამაშებს.