Wall Street Journal - შესაძლოა, აშშ-მა რუსეთს უკრაინაში 20 ათასი მშვიდობისმყოფელის გაგზავნა შესთავაზოს
Wall Street Journal - შესაძლოა, აშშ-მა რუსეთს უკრაინაში 20 ათასი მშვიდობისმყოფელის გაგზავნა შესთავაზოს

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შესაძლოა, აშშ-მა რუსეთს უკრაინაში 20 ათასი მშვიდობისმყოფელის გაგზავნა შესთავაზოს.

გამოცემის მიერ ანონიმური წყაროსგან მოპოვებულ ინფორმაციაში ცისფერჩაფხუტიანების დისლოცირების ზუსტი ადგილი არ არის ნახსენები. ამას გარდა, სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მთავრობამ უკვე გადაწყვიტა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება, მათ შორის საუბარია ანტისატანკო კომპლექსებზე. თუმცა, როდის მიიღებს ამ შეიარაღებას კიევი ჯერ უცნობია.

WSJ-ს ცნობით, ვაშინგტონი ამ იარაღის მიწოდების გეგმას რუსეთზე ზეწოლისთვის გამოიყენებს, რათა კრემლი დონბასში გაერო-ს მშვიდობისმყოფელების განთავსებაზე დაითანხმოს. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

უკრაინაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნის ინიციატივით, სექტემბერში ვლადიმერ პუტინი გამოვიდა, თუმცა იმ პირობით, რომ ცისფერჩაფხუტიანები ეუთო-ს მისიის წევრთა უსაფრთხოებას დაიცავდნენ. თავს მხრივ, კიევი გაერო-ს სამშვიდობო მისიის რუსეთ-უკრაინის საზღვარზე განლაგებას ითხოვდა.