The Wall Street Journal - აშშ მოკავშირეებს მოუწოდებს, უარი თქვან Huawei-ის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებზე
აშშ-ის მთავრობა მოკავშირეებს მოუწოდებს, უარი თქვან ჩინური კონცერნის, Huawei-ის მიერ წარმოებული სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენებაზე. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ტექნიკის მწარმოებელ ჩინურ კომპანიას უკვე დიდი ხანია დასავლური სპეცსამსახურები ყურადღებით აკვირდებიან, რადგან არსებობს ეჭვი, რომ Huawei-ს მიერ წარმოებულ ტექნიკას ჩინეთის ხელისუფლება შესაძლოა, ჯაშუშობის მიზნით იყენებდეს.
ვაშინგტონის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ჩინური კომპანიის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების იმ ქვეყნებში გამოყენება, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული.
The Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ განიხილავს ფინანსური დახმარების აღმოჩენის საკითხს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, ტელეკომუნიკაციის თავიანთი საშუალებები განავითარონ და უარი თქვან ჩინური კომპანიის მიერ წარმოებული მოწყობილობების გამოყენებაზე.
აშშ-ში კომპანია Huawei-ს სამთავრობო სტრუქტურებისთვის მოწყობილობის მიწოდება უკვე აკრძალული აქვს. მიმდინარე წლის ზაფხულში უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩინურ მწარმოებელთან თანამშრომლობაზე ავსტრიის ხელისუფლებამაც განაცხადა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი, იმედს გამოთქვამენ, რომ შესაბამისი ქვეყნები ჩინურ კომპანიებს სამართლიან და პროგნოზირებად საინვესტიციო გარემოს შეუქმნიან.