წაგება მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან – საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 35-ე ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა გამართა. დეიან სტანოევიჩის გუნდი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 8:18 დამარცხდა.
მეტოქემ მატჩი თავიდანვე კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 4:1 მოიგო. უპირატესობა მეორე პერიოდში 6 ბურთამდე გაიზარდა და იტალიამ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. მესამე და მეოთხე პერიოდებში საქართველოს ნაკრებმა 5 ბურთის გატანა შეძლო, მაგრამ მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი უკეთესი აღმოჩნდა და საბოლოოდ, ჩვენი გუნდი 8:18 დამარცხდა.
ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს და მოგების შემთხვევაში 1/8-ფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. მატჩი 2 სექტემბერს, 12:30-ზე დაიწყება – პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.