წაგება ბოლო წუთზე - 17-წლამდელებმა „სირენკას თასი“ დაიწყეს [ვიდეო]

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა პოლონეთში მიმდინარე „სირენკას თასზე“ და მასპინძლებთან 1:2 დამარცხდა.

შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის უპირატესობით დაიწყო და მეექვსე წუთზე, კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში ოთარ მამაგეიშვილმა გაგზავნა და თავისიანები დააწინაურა.

საქართველოს ნაკრებმა მომენტები ამის შემდეგაც შექმნა, თუმცა სანაცვლოდ პოლონელებმაც მოუმატეს და 70-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს: რადოსლავ ჩიელემეცკი მოედნის ცენტრთან ახლოს მცველს გაცდა, კარისკენ დაიძრა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა. სიმონ ვლოდარჩიკმა 90-ე წუთზე ფლანგური გადაცემის შემდეგ მცველს დაასწრო და ახლოდან გადამწყვეტი ბურთი გაიტანა – 2:1 პოლონელთა სასარგებლოდ.

საქართველოს U17: ხარატიშვილი, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ტატიშვილი, ავალიანი, ო. მამაგეიშვილი, ონიანი, გაგნიძე, გვიშიანი, გ. მამაგეიშვილი, თურაზაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: აბუაშვილი, ზოსიაშვილი, აბჟანდაძე.