შვედეთის დედაქალაქში პოლიციამ კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალა
შვედეთის დედაქალაქში პოლიციამ კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში პოლიციამ კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, ხოლო დაშავებულია ერთი პოლიციელი.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, სტოკჰოლმში კოვიდშეზღუდვების ფარგლებში რვა კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, შვედეთის დედაქალაქში ასობით ადამიანი გამოვიდა, რის გამოც პოლიციამ ძალა გამოიყენა.

შვედური მედიის ცნობით, დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციისგან თავის დაღწევა მოახერხა. მათ აქცია სტოკჰოლმში რამდენიმე ადგილზე გამართეს.

შვედეთის მთავრობის მიერ თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებით, რესტორნების, ბარებისა და კაფეების სამუშაო საათები შემცირდა, მაღაზიებში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით მოქალაქეებს შეუძლიათ შესვლა, ხოლო მასობრივი შეკრება აკრძალულია.

შვედეთში ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 4831 ადამიანს დაუდასტურდა, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა.