ევროპარლამენტარი პეტრი სარვამაა ევროკავშირის საბჭოში ვიქტორ ორბანისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის ინიციატივით გამოდის
ევროპარლამენტარი პეტრი სარვამაა ევროკავშირის საბჭოში ვიქტორ ორბანისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის ინიციატივით გამოდის

ევროპარლამენტის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ ფინელი დეპუტატი პეტრი სარვამაა ევროკავშირის საბჭოში ვიქტორ ორბანისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის ინიციატივით გამოდის. ამის მიზეზად ის უნგრეთის ლიდერის მხრიდან „ევროკავშირის ღირებულებების სერიოზულ და მუდმივ დარღვევას“ ასახელებს.

ფინელმა კანონმდებელმა შესაბამისი პეტიცია შეიმუშავა და ევროპარლამენტის სხვა წევრებს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„უნგრეთი არაერთხელ იყო გაკრიტიკებული კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრის გამო. განსაკუთრებით დეკემბერში, ევროკავშირის სამიტზე წევრი სახელმწიფოების მიერ გადაწყვეტილების მიღების ჩაშლისკენ მიმართული უნგრეთის ქმედებების შემდეგ, ჩვენ გვჯერა, რომ დადგა დრო, ევროპარლამენტმა ზომები მიიღოს“, – ნათქვამია სარვაამას პეტიციის ტექსტში.

როგორც ფინელი დეპუტატი მედიასთან აღნიშნავს, ორბანისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა შესაძლებელია ევროკავშირის წესდების მე-7 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.

შეგახსენებთ, იანვრის დასაწყისში „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აპირებს ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო ლიდერები მის შემცვლელზე სწრაფად თუ ვერ შეთანხმდებიან, შეხვედრებს ვიქტორ ორბანი უხელმძღვანელებს.