ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას დეტალურად განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, რა თქმა უნდა, მშვიდობა
ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას დეტალურად განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, რა თქმა უნდა, მშვიდობა

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა.

მისი თქმით, ტრამპთან უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და ომის დასრულების საკითხები განიხილა.

„ახლახან მქონდა შესანიშნავი საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. პრეზიდენტ ტრამპს მივულოცე დაბადების დღე და საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, რა თქმა უნდა, მშვიდობა. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვე წარმატებები, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების საქმეში. ასევე, მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკა უკრაინას უწევს და მნიშვნელოვანია, რომ მადლიერებით გვახსოვდეს ამ მხარდაჭერის თითოეული ნაბიჯი – „ჯაველინებიდან“ დაწყებული, „პატრიოტებით“ დამთავრებული. ჩვენ განვიხილეთ ის საკითხები, რომლებმაც ახლა შესაძლოა, მშვიდობის მიღწევას შეუწყოს ხელი. პრეზიდენტს ვაცნობე ბრძოლის ველზე არსებული უახლესი მოვლენების შესახებ და იმის შესახებ, როგორ გაძლიერდა ჩვენი პოზიცია. შევთანხმდით, რომ უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ საკითხებს „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში ჩვენი შეხვედრის დროს. ჩვენ გვაქვს რამდენიმე კარგი იდეა, რომელიც შეიძლება, დაეხმაროს მშვიდობის წინსვლას და ადამიანების სიცოცხლის დაცვას. მადლობა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.