ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - უნგრულ მხარეს არაფერი განუხილავს უკრაინასთან და მოსკოვთან კონტაქტების შესახებ არ გავუფრთხილებივართ
უკრაინასთან არაფერი არ განუხილავთ, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დმიტრი ლიტვინი ვიქტორ ორბანის განცხადებას, სადაც უნგრეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინას შობის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა შესთავაზა, თუმცა ზელენსკიმ ეს გამორიცხა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ უნგრულ მხარეს არაფერი განუხილავს უკრაინასთან და არ გაუფრთხილებია მოსკოვთან კონტაქტების შესახებ.
„როგორც ყოველთვის, უკრაინას უნგრეთისთვის არაფრის უფლება არ მიუცია. როგორც ყოველთვის, უკრაინა ყოველდღიურად მუშაობს ტყვეების გასათავისუფლებლად და წლის ბოლომდე ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შესაბამისი მოლაპარაკებები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს“, – განაცხადა ლიტვინმა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, უკრაინა, პარტნიორებთან ერთად, მშვიდობის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს.
„როგორც ყოველთვის, ჩვენ მომართული ვართ სრულფასოვანი მშვიდობისკენ და ყველაფერს ვაკეთებთ პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა მივაღწიოთ ამას – აშშ-თან, ევროპასა და სხვა პარტნიორებთან ერთად. როგორც ყოველთვის, საჭიროა არა პიარი, არამედ სამართლიანი მშვიდობა და არა ჭორაობა, არამედ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინას შესთავაზეს შობის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა. „სამწუხაროა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ცალსახად გამორიცხა“,- აღნიშნა ორბანმა.
იქამდე, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ დგამს ყველა შესაძლო დიპლომატიურ ნაბიჯს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების სასარგებლოდ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანის ამ განცხადებას უპასუხა და აღნიშნა: „ყველას იმედი გვაქვს, რომ ვიქტორ ორბანი მოსკოვში ასადს არ დაურეკავს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომზე საუბარი უკრაინის გარეშე არ შეიძლება“.