ვოლოდიმირ ზელენსკის ივლისში „მშვიდობის ფორმულის“ სამიტის გამართვა სურს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოდის ინიციატივით, ივლისში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან 500 დღის თავზე „მშვიდობის ფორმულის“ სამიტი ჩატარდეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“, უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების ლიდერების სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მალე ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 500 დღე შესრულდება, ეს იქნება უკვე ივლისში. ეს არის სიმბოლური თარიღი, კარგი თვე, რომ შევკრიბოთ „მშვიდობის ფორმულის“ სამიტი – მსოფლიო უმრავლესობის სამიტი. იმ ყველა ადამიანის სამიტი, რომელიც პატივს სცემს სამართლიანობას და სურს ომის დასრულება. გიწვევთ, რომ შეუერთდეთ ერთობლივ ძალისხმევას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის „მშვიდობის ფორმულა“ შემუშავებულია იმგვარად, რომ მის თითოეულ პუნქტს გაერო-ს რეზოლუციები ამყარებს.