ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი მინერალების შეთანხმებაზე სკოტ ბესენტის მიდგომა შეცდომად მიაჩნია - არ ვფიქრობ, რომ უკრაინა მესამეხარისხოვანი ქვეყანაა, ჩვენ უნდა ვურთიერთობდეთ თანასწორად
ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი მინერალების შეთანხმებაზე სკოტ ბესენტის მიდგომა შეცდომად მიაჩნია - არ ვფიქრობ, რომ უკრაინა მესამეხარისხოვანი ქვეყანაა, ჩვენ უნდა ვურთიერთობდეთ თანასწორად

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი მინერალების შეთანხმებაზე აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის მიდგომა შეცდომად მიაჩნია. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ბესენტის ტაკერ კარლსონთან ინტერვიუზე, სადაც აშშ-ის სახაზინო მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა 28 თებერვალს ყველაზე მარტივად ხელმოსაწერი იშვიათი მინერალების შეთანხმება ჩაშალა და იღებს არასრულყოფილ რჩევებს თავისი გარემოცვისგან.

საპასუხოდ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პრობლემა მდგომარეობს ბესენტის მიდგომაში.

„მე დამალვას არ ვაპირებ: მე მაქვს სხვადასხვა თვისება, როგორც აქ მყოფ ყველა ადამიანს. ჩემმა კოლეგებმა იციან, თითის კაკუნი ხელშეკრულებაზე და თქმა – „ახლა უნდა მოაწეროთ ხელი“ – ამაზე შემეძლო მხოლოდ მეთქვა მისთვის: „შეწყვიტეთ თითის კაკუნი და დავილაპარაკოთ კონკრეტულად“. ალბათ ის სხვანაირ საუბარს ელოდა, მაგრამ მე არ მიმაჩნია უკრაინა მესამეხარისხოვან ქვეყნად. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვურთიერთობდეთ თანასწორად“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში სახაზინო მდივანმა ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიზეც. მისი თქმით, ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეთანხმებას მიუნხენის კონფერენციაზე მოაწერდა ხელს, თუმცა დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია არც მიუნხენში და არც ოვალურ კაბინეტში.