ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, იტალია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას განიხილავს
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, იტალია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას განიხილავს

იტალია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

ამასთან, ზელენსკის ცნობით, იტალიამ უკრაინას დახმარების სახით დამატებით 10 მილიონი დოლარი გამოუყო, რომლის შესახებაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა 13 დეკემბერს, პარიზში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

„მადლობა გადავუხადე ჯორჯია მელონის სოლიდარობისა და უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარებისთვის. მივესალმე იტალიის მთავრობის მიერ დახმარების სახით დამატებით 10 მილიონი ევროს გამოყოფას. ჯორჯია მელონიმ შემატყობინა უკრაინის ცის დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხის განხილვის შესახებ. განვიხილეთ მშვიდობის ფორმულა“, – წერს ზელენსკი.

აღსანიშნავია, ნოემბერში სააგენტო „როიტერი“ წერდა, რომ იტალია განიხილავდა უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების – SAMP/T-ისა და Aspide-ის გადაცემას.

თავის მხრივ, იტალიის პრემიერის კანცელარიის ცნობით, სატელეფონო სუაბრისას ჯორჯია მელონიმ დაადასტურა, რომ კიევში ჩასვლას გეგმავს, ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკი რომში მიიწვია.

„პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა იტალიის მხრიდან კიევის სრული მხარდაჭერა პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და უკრაინის მომავალ აღდგენაში. მან ასევე დაადასტურა იტალიის სრული ერთგულება ყველა აუცილებელი ქმედების მიმართ უკრაინელი ხალხისთვის მშვიდობის მისაღწევად“, – ნათქვამია იტალიის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის განცხადებაში.