ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში უარყვეს ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა მას მოსკოვში ჩასვლა სთხოვა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში უარყვეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ზელენსკის მოსკოვში ჩასვლისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა განაცხადა.
მანამდე, სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, მოსკოვში ჩასულიყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, თუმცა ზელენსკისგან უარი მიიღო.
ჟურნალისტების ცნობით, ეს სავარაუდოდ 22 სექტემბერს, ნიუ იორკში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრისას მოხდა.
„ეს ცრუ ინფორმაციაა“, – უთხრა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მაიამიში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტი შესაძლოა, უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის გამართვის ადგილი გახდეს.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტს დაესწრება, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში მაიამიში გაიმართება. პუტინმა კი, უარყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზება, შეერთებულ შტატებში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართულიყო.