ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვედრა შესთავაზა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, იმედი აქვს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პუტინთან შეხვედრის ორგანიზებაში დაეხმარება.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, საკითხების ნაწილი, რომელთა მოგვარებაც მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციებმა და ტექნიკურმა ჯგუფებმა ვერ შეძლეს, მხოლოდ სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე შეიძლება გადაწყდეს.
„სწორედ ამიტომ მსურს, შევხვდე მას, როგორც ადამიანს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს“, — განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ფარგლებში კიევი ტერიტორიებზე უარის თქმას არ აპირებს.
„ჩვენ ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას, რომ ჩვენი აღმოსავლეთ ტერიტორიები და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმი რუსეთს ეკუთვნის. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ღირსებას, ჩვენი საზოგადოების ნებასა და კონსტიტუციას. რუსეთს სწორედ ეს სურს და სხვადასხვა შუამავლის მეშვეობით ცდილობს, ეს წინადადება მოგვაწოდოს. თუმცა ასეთი მიდგომა არაჯანსაღი და არალოგიკურია“, — განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა. მისი განმარტებით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სხვა საკითხების განხილვა.