ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა. შესაბამის ინფორმაციას უნგრული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. სამიტის შემდგომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ოთხ ჯგუფად შეხვდნენ.

ორბანმა ზელენსკისთან მოლაპარაკებები ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიისა და ავსტრიის ლიდერებთან ერთად გამართა.

როგორც უნგრული გამოცემა Népszava წერს, შეხვდრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანი კიევში მიიწვია. მედიასაშუალების წყარო წერს, რომ რვა ლიდერს შორის შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა და განხილვის მთავარი საკითხი უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იყო. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ავსტრიისა და უნგრეთის ლიდერებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ აღნიშნული თხოვნის შესრულება შეუძლებელი იყო.

ამასთან, როგორც უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, უნგრეთი გააგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების მიწოდებას.

„ჩვენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ვუჭერთ მხარს, რათა თავიდან ავიცილოთ მეტი მსხვერპლი. უნგრეთი მშვიდობის ბანაკს ეკუთვნის“, – ციტირებს კოვაჩი ორბანის სიტყვებს ზელენსკისთან შეხვედრიდან.

მოგვიანებით, ვიქტორ ორბანმა „ტვიტერის“ გვერდზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „შეხვედრა ბრიუსელში“.