ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის პოლიტიკოსებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის პოლიტიკოსებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის პოლიტიკოსებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

იმ პირებს შორის, ვისაც მოქალაქეობა ჩამოერთვათ, არიან: ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი ანდრეი კლიუევი, განათლების ყოფილი მინისტრი დმიტრი ტაბაჩნიკი, შემოსავლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრ კლიმენკო, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრ კლიმენკო. ასევე, სიაში მოხვდნენ ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ წევრი ვიქტორ ბარანსკი. ყველა მათგანს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.

ინფორმაციას ადასტურებს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია. მისი თქმით, ზელენსკიმ ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა მოღალატეებს, რომლებიც იანუკოვიჩის რეჟიმის საყრდენები იყვნენ.

„მომდევნო ნაბიჯი იქნება მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მათი მთელი ქონების, კორპორაციული უფლებებისა და სხვა აქტივების დაყადაღება და სახელმწიფოს სასარგებლოდ კონფისკაცია“, – წერს არახამია, რომელიც თავის ელექტრონულ მისამართს აქვეყნებს და მოუწოდებს მოქალაქეებს, აღნიშნულ მისამართზე მიაწოდონ ინფორმაცია ზემოთ ჩამოთვლილი პირების ქონების შესახებ.