ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინაზე რუსეთის მორიგი დარტყმის ფონზე, აშშ-სა და ნორვეგიას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის მადლობა გადაუხადა

14:14, 29.09.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის რეგიონებსა და დედაქალაქზე რუსეთის მორიგი დარტყმის ფონზე, ამერიკასა და ნორვეგიას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, უკრაინამ შეძლო ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება, რომლითაც რუსეთმა ღამით კიევზე იერიში მიიტანა.

ამასთან დაკავშირებით მან მადლობა გადაუხადა „ამერიკელ და ნორვეგიელ პარტნიორებს NASAMS-ის კომპლექსისა და მისთვის განკუთვნილი რაკეტების პაკეტის მოწოდებისთვის“.

გარდა ამისა, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთსა და გერმანიას საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტისთვის, კერძოდ, რაკეტების მიწოდებისთვის.

„რუსეთის ყოველდღიური ესკალაციის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების სიცოცხლის დაცვას მუდმივი მხარდაჭერა ჰქონდეს და ასეთი პაკეტების მიწოდება მომავალშიც გაგრძელდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ბოლო დარტყმის შედეგად დაზიანდა სარკინიგზო სადგურ „კიევ-პასაჟირსკის“ დეპო, მონაცემთა და ბიზნესცენტრები და საცხოვრებელი სახლები. ოდესის ოლქში კი დაზიანდა სასწავლო დაწესებულება, საერთო საცხოვრებელი და ორი უცხოური გემი.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის იერიშების ქვეშ მოექცა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ვოლინისა და რივნეს ოლქები, სადაც დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები, ქვესადგურები, სამოქალაქო საწარმოები და საცხოვრებელი სახლები.

მსგავსი