ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის პირობებში ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის პირობებში ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის პირობებში ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელების შესახებ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.

უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, საომარი მდგომარეობის პირობებში უნდა მოხდეს ყველა ეროვნული ტელეკომპანიის გაერთიანება სტარტეგიული კომუნიკაციების ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე, რაც გულისხმობს 24-საათიან საინფორმაციო მარათონს.

პრეზიდენტის განკარგულებას აკრიტიკებს პეტრო პოროშენკოს პარტიის „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციის წევრი, ტელეკომპანია „ესპრესოს“ დამფუძნებელი ნიკოლაი კნიაჟიცკი და აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსამართლოს და უკანონოს უწოდებს.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტის განკარგულება არ ითვალისწინებს რომელიმე ტელეკომპანიის დახურვას.

„საუბარია ერთიან ნაციონალურ ტელემარათონში ნაწილობრივ ან მთლაინად ჩართვის აუცილებლობაზე, თუმცა არხებს აქვთ გარკვეული შემოქმედებითი თავისუფლება. სხვა საქმეა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროს უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკა ტელესივრცეში“, – განაცხადა პოდოლიაკმა.