ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსლან კრავჩენკო გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსლან კრავჩენკო გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე არის განთავსებული.
„უკრაინის კანონის „საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ მე-11 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: რუსლან ანდრიოვიჩ კრავჩენკოს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებას“, – წერია განცხადებაში.
დოკუმენტი 14 სექტემბრით არის დათარიღებული.
ცნობისთვის, რუსლან კრავჩენკომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) მიერ ქოლცენტრების ქსელის გამოძიების ფონზე გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება წარადგინა.
ამავდროულად, 14 სექტემბერს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა საჩივარს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის, სემენ კრივონოსის წინააღმდეგ და НАБУ-სა და САП-ს ბრალი დასდო სპეცოპერაცია „კართაგენის“ ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკის დროს მათი თანამშრომლების წინააღმდეგ საქმის მასალების ამოღებაში, რათა შეეჩერებინათ ამ საქმეებში პროცედურული გადაწყვეტილებები. სამართალდამცავ ორგანოებში უკრაინულ მედიას განუცხადეს, რომ კრავჩენკო 14 სექტემბრის ღამეს სამსახურებრივი მანქანით გაემგზავრა საზღვარგარეთ. გენერალურმა პროკურორმა ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის მივლინებაში იმყოფება. ბრძანების თანახმად, რომლის ასლიც უკრაინულმა პრესამ მიიღო, კრავჩენკო 5 დღით პარიზში გაემგზავრა „უკრაინელი ბავშვების შესახებ PACE-ს მოსმენებში მონაწილეობის მისაღებად“. ამავდროულად, ის ღონისძიებაზე მომხსენებლების სიაში არ არის მითითებული.