ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე კანონს მოაწერა ხელი, მათ შორის კანონს, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს რამდენიმე ქვეყნის პასპორტის აღების შესაძლებლობას აძლევს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე კანონს მოაწერა ხელი, მათ შორის კანონს, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს რამდენიმე ქვეყნის პასპორტის აღების შესაძლებლობას აძლევს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე კანონს მოაწერა ხელი, მათ შორის კანონს, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის პასპორტის აღების შესაძლებლობას აძლევს.

„ამ კანონის წყალობით, ჩვენ შევძლებთ, შევქმნათ მეტი რეალური იურიდიული საფუძველი ჩვენი ხალხის ერთიანობისთვის, მილიონობით უკრაინელისთვის ყველა კონტინენტზე, აგრეთვე იმ სხვა ერების წარმომადგენლებისთვისაც, რომლებმაც თავიანთი ბედი უკრაინას დაუკავშირეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

კანონის მიხედვით, უკრაინელებს ორი ამ მეტი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება რამდენიმე პირობით შეეძლებათ. მაგალითისთვის, თუ ბავშვი ავტომატურად მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას დაბადებით ან გაშვილების შედეგად; თუ უკრაინის მოქალაქემ ქორწინების შედეგად ავტომატურად მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; თუ სრულწლოვანმა უკრაინელმა მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა გამარტივებული წესით; ასევე იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელი ფლობს იმ სახელმწიფოს პასპორტს, რომელიც შეტანილია სპეციალურ სიაში. ამ ნუსხაში შეყვანილი ქვეყნების მოქალაქეებს, თავის მხრივ, უკრაინის მოქალაქეობის მიღება შეეძლებათ გამარტივებული წესით.

ამასთან, რუსეთის მოქალაქეებს აღნიშნული უფლება არ მიენიჭებათ.

ასევე, აკრძალვა ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მათ შორის, ვინც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2014 წლის 27 მარტის №68/262 რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელიც, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უზრუნველყოფს იმას, რომ რუსეთი ომის დაწყებისთვის პასუხს აგებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ხელი მოაწერა ოტავას კონვენციიდან უკრაინის გასვლის შესახებ, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას კრძალავს.

პრეზიდენტის განმარტებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ისეთივე საბრძოლო შესაძლებლობების შექმნას, როგორიც რუსეთს აქვს.

„რუსეთი არასდროს ყოფილა ოტავას კონვენციის წევრი და არასდროს გადაუდგამს კეთილსინდისიერი ნაბიჯები იარაღის შემცირების მიმართულებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, მთავრობის წარმომადგენლებს დაავალა, უმოკლეს ვადაში მოამზადონ და დაამტკიცონ შესაბამისი ნორმატიული აქტები კანონების რეალიზაციისთვის.