ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლაფ შოლცს მოუწოდა, გადადგას ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი და 9 მაისს კიევში ჩავიდეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლაფ შოლცს მოუწოდა, გადადგას ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი და 9 მაისს კიევში ჩავიდეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მოუწოდა, გადადგას ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი და 9 მაისს კიევში ჩავიდეს. აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანეთის ანალიტიკურ ცენტრში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

„ის მოწვეულია, მოწვევა ღიაა, უკვე გარკვეული პერიოდია. მოწვეულია უკრაინაში, მას შეუძლია, გადადგას ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი, ჩამოვიდეს კიევში 9 მაისს. მნიშვნელობა არ ავხსენი, ვფიქრობ, თქვენ საკმარისად განათლებული ხართ, რომ გაიგოთ, რატომ“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მარიუპოლის შესახებაც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ იქ ვითარება წამებას უტოლდება და რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება არ შეიძლება, განხორციელდეს, თუ მშვიდობიანი მოქალაქეები ან სამხედრო პერსონალი დაიღუპებიან, როცა მათი გათავისუფლება შეიძლება.

„რუსებს არ სჯერათ, რომ ომის დანაშაულებისთვის მათი პასუხისგებაში მიცემა შეიძლება, რადგან ისინი ბირთვული სახელმწიფოს ძალას ფლობენ. სრულმასშტაბიანი ომის 72-ე დღეა და ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ მის დასასრულს, ვერ ვგრძნობთ რაიმეს, რუსეთის მხრიდან მისი შეჩერების მზადყოფნას“, – განაცხადა ზელენსკიმ.